დედაენა - ქართული
ბებია გატაცებული იყო კითხვით და ცდილობდა ბავშობიდანვე
ჩაენერგა ინტერესი ლიტერატურის მიმართ. რა გასაკვირია, თუ ხშირად მიყვებოდა ქართველი
მწერლების შესახებ: ჩემო, თვალებბრიალა, იაკობ გოგებაშვილი იყო გამოჩენილი მწერალი,
რომელმაც დაგვიწერა ,,დედა ენა“ და ,,ბუნების კარი“. აი, დიდი გოგო რომ გაიზრდები და
სკოლაში შეხვალ, მაშინ გაიგებ რა არის ეს ,,დედა ენა“. ბებოს მეთოდმა გაამართლა. გაფართოებული თვალებითა და
ბავშვური ინტერესით ვუცქერდი ყოველთვის და ველოდი ,,დედა ენასთან“ პირველ პაემანს.
ეს შეხვედრა ბავშვის პირველ წაბორძიკებულ ნაბიჯს
ჰგავდა, შიშნარევს, თუმცა მეტისმეტად მტკიცესა
და თავდაჯერებულს. მას შემდეგ გვერდიდან არ მომიცილებია ,,დიდასოებიანი
და იებიანი“ წიგნი. ვისხედით მე და ბებო, ვკითხულობდით და ვკითხულობდით, სანამ ძილის
დრო არ მოვიდოდა.
წლების შემდეგ სხვანაირად, გააზრებულად, შევხედე
ენას. საკმაოდ რთულია, ზუსტად ჩამოაყალიბო
ენის ყველა ფუნქცია. უპირველესად მაინც ის მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს განსაზღვრის კრიტერიუმებს
შორის ერთ-ერთია. მართლაც, არ არსებობს სახელმწიფო ენის, ტერიტორიისა და მოსახლეობის
გარეშე.
საუკუნეების
განმავლობაში სისხლის ფასად ვიბრძოდით
საკუთარი ერისა და ენის ღირსების შესანარჩუნებლად. ქართველთა ეროვნული გადაგვარების
მოსურნეთ უწინარეს ენაზე მიჰქონდათ
ხოლმე იერიში. მომხდური ცდილობდა
ქართველობისათვის დაევიწყებინა საკუთარი
წარსული,კულტურა და ენა.
ბებია წუხდა, რომ თავისი თაობის
საქართველოში დაბადებული და გაზრდილი
სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ვერ და არ საუბრობდნენ
ქართულად. ახლა შემიძლია ბებო ვანუგეშო:
ჩემს სკოლაში ბევრი არაქართველია, მათმა მშობლებმა,
ბებია - ბაბუებმა არ იციან ქართული,
მაგრამ ისინი სიამოვნებით
ეუფლებიან ქართულ ენას.
ერთ მშვიდ
საღამოს ბებიამ მიამბო 14
აპრილის შესახებ. 14 აპრილი! სიამაყის, ერთიანობის, პატრიოტიზმის, სიყვარული დღე! დამეუფლა
გრძნობა, რომელთა სიტყვებით გადმოცემა
შეუძლებელია. თურმე , ორმოცი წლის წინ ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსის
დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 1978
წლის 14
აპრილი იდგა. საბჭოთა კავშირში
გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველოში
ქართული ენის, როგორც სახელმწიფო
ენის გაუქმების შესახებ. უნივერსიტეტიდან რუსთაველის
გამზირისაკენ 15000 მდე ადამიანი დაიძრა. მათ
სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ
და 100000 ადამიანი
შეიკრიბა. ისინი წინ აღუდგნენ
რეჟიმის
გადაწყვეტილებას. მთავრობა იძულებული იყო, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა
და 1978 წლის 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
ქართული ენა დღეს დიდი ქარტეხილის წინაშე დგას.
ვერ გავაცნობიერეთ, რომ საკუთარი თვითმყოფადობის დასამკვიდრებლად საჭიროა ენის დაცვა.
სისხლის ფასად შენარჩუნებულ ენას ვაბინძურებთ ბარბარიზმებით, ჟარგონებითა და ნასესხები სიტყვებით. ვცდილობთ მათ დამკვიდრებას ენაში. მიზეზი
ერთია: მოდური, ტენდენციური სიტყვები ჩვენს ,,დონეს“ განსაზღვრავს. აი, ამ დონემდე
დაეცა ქართული აზროვნება. წარწერები ძირითადად რუსულსა და ინგლისურ ენებზე გვხვდება,
ჩემი თანატოლები სოციალურ
ქსელებში ნაცვლად საოცრად
ლამაზი ქართული ანბანისა
ლათინური შრიფტით უზიარებენ
ერთმანეთს ემოციებსა და გრძნობებს.
იზრდება უცხოენოვანი სკოლებისა
და უნივერსიტეტების რიცხვი.
არდა უცხო ენით - დედაენის გარეშე
გაზრდილი ადამიანი შორდება
საკუთარ ფესვებს.
ვიმედოვნებ,
რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შევძლებთ გამოღვიძებას, მაგრამ მეშინია გვიანი არ იყოს!
მინდა ჩემს თაობას მივმართო: ბარბარიზმებითა და ჟარგონებით სულაც არ გამოვხატავთ აზრებს უკეთესად!
მოვუაროთ ქართულ
ენას - ლაზარეს ენას, ვწეროთ
და ვილაპარაკოთ ქართულად!
XI კლასის მოსწავლე თეონა პაპიაშვილი
No comments:
Post a Comment